საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ 1999 წელს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით დაფუძნდა. „გრენა“-ს არაერთი მნიშნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე საქართველოში.
„გრენა“-ს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და მეცნიერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „გრენა“-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპის 9 ქვეყნიდან. აგრეთვე, საქართველოს წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიება გახსნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ხაზი გაუსვა „გრენა“-ს და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სამეცნიერო საზოგადოებისათვის: „გრენა”-სა და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის აგვისტოში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად ქართველ მეცნიერებს შეეძლებათ კვლევის დროს საჭირო გამოთვლითი და მეხსიერების რესურსების გამოყენება. „გრენა“-ს მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოცულობითი მონაცემების დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განაცხადა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოციაცია „გრენა“-სთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს სამეცნიერო პროგრამის პროექტების განხორციელებაში. ამ პროექტების დახმარებით მოხერხდა უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსების ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხებით დაკავშირება და ქსელური აპარატურის მოდერნიზება. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პირველი განაწილებული გამოთვლების (GRID Distributed Computing) სისტემის შექმნა „გრენა“-ს ბაზაზე, რომელიც ჩართულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში“.
ევროკომისიის „EaPConnect“ პროექტის მენეჯერმა ვერონიკა დი ლუნამ აღნიშნა:“ასოციაცია „გრენა“-ს მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „EaPConnect“-ის პროექტში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ფართო საზოგადოებისათვის. მკვლევარებს და სტუდენტებს ესაჭიროებათ მონაცემთა გაცვლა, საერთაშორისო კოლაბორაცია და ციფრული უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია “eduroam”-ის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვერის როლი მკვლევარებისათვის, მეცნიერებისა თუ სტუდენტებისათვის. საქართველოში ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს „eduroam“-ის სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.“
ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ ორგანიზაციის საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.
„გრენა”-ს საქმიანობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: IT სფეროში სერვისების მიწოდებას და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვას, სწავლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადებას და განხორციელებას, აგრეთვე ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას.