კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების გაერთიანება ევროპის სამეცნიერო ქსელ GÉANT-ში
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია ”გრენა”-ს ორგანიზებით 2009 წლის 17 მარტს 12:30 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში ეწყობა შავი ზღვის ურთიერთკავშირის ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურა შეიქმნა ევროკომისიის პროექტის ”შავი ზღვის ურთიერთკავშირი” (BSI) ფარგლებში. იგი ითვალისწინებს კავშირის დამყარებას კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელებსა და ევროპულ სამეცნიერო ქსელ GÉANT-ს შორის. BSI პროექტი საშუალებას აძლევს კავკასიის რეგიონის მეცნიერებს ითანამშრომლონ თავიანთ კოლეგებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ისეთ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს რთულ განაწილებულ გამოთვლებს (მაგალითად კლიმატის გლობალური ცვლილება) ან მიიღონ დაშვება უნიკალურ დანადგარებთან მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN, ასტროფიზიკური ობსერვატორიები და სხვა). პროექტის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ევროს, რომლის დიდი ნაწილი ფინანსდება ევროკომისიის სამეცნიერო VII ჩარჩო პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ევროპული და რეგიონალური GRID (განაწილებული გამოთვლები) ინიციატივები და ნატო-ს სამეცნიერო პროგრამის ”ვირტუალური აბრეშუმის გზის” პროექტი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის, ნატო-ს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცის (CERN) წარმომადგენლები, კომპიუტერული ქსელების ექსპერტები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.