ვენა, ამსტერდამი, თბილისი, 28 აპრილი 2011 წელი
პატარა პროექტი დიდი შედეგებით
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქსელური ასოციაცია CEENet-ის ვალდებულება, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის NREN-ების (ნაციონალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელები) განვითარებას, ამჟამად კიდევ უფრო გაიზარდა CEENGINE (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქსელების ძრავი) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის მიერ.
სამწლიანი პროექტი, რომელიც დაიწყო 2010 წლის ივლისში, გამოიყენებს CEENet-ის წარმატებულ გამოცდილებას სტიმულირება გაუწიოს და გააღრმაოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების შექმნასა და განვითარებასთან ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, აგრეთვე ცენტრალურ აზიაში.
ევროკომისიის დახმარებით, ასოციაცია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ NREN-ების მიმდინარე განვითარებაში და GEANT3-ში (ევროპის სამეცნიერო-საგანმანათლებლო მაგისტრალური ქსელი) მათი ინტეგრაციის პროცესში.
NREN-ის განვითარება წარმოადგენს რთულ პროცესს, რომელშიც მონაწილე მხარეებს გააჩნიათ სხვადასხვა ხედვა და მიზნები. CEENGINE პროექტის ამოცანაა დეტალურად გამოიკვლიოს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის NREN-ების განვითარების მდგომარეობა. CEENGINE კოორდინირებას გაუწევს მიმდინარე აქტივობებს, რათა NREN-ებმა გაიძლიერონ თავიანთი პოზიცია რეგიონში. პროექტი დაეხმარება NREN-ებს კვლევებსა და განვითარებაში, თანამშრომელთა ტრეინინგებში, საერთაშორისო არხების ორგანიზებაში და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაში.
CEENet-ის საქმიანობა ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ამიტომ CEENGINE პროექტის ფარგლებში აგრეთვე შეფასებული იქნება CEENet-ის დახმარების გაფართოების შესაძლებლობა სხვა ნაკლებად განვითარებული რეგიონებისათვის (მაგალითად აფრიკისათვის).
CEENGINE პროექტის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია მჭიდრო თანამშრომლობა GEANT3-თან და TERENA-სთან (ტრანს-ევროპული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების ასოციაცია).
”CEENet-ის გამოცდილება ამ რეგიონში არის მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება კავშირების გაფართოებაში ადგილობრივ NREN-ებთან”, აღნიშნა GEANT3 პროექტის ნაციონალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელების სტრატეგიის კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილის მაგლარისმა. ”ჩვენ მოხარულები ვართ რომ ევროკომისიამ სათანადოდ შეაფასა ეს საქმიანობა და ველოდებით შესაბამის რეაგირებას ამ რეგიონიდან”.
”TERENA უკვე რამდენიმე წელია ეხმარება განვითარებად საზოგადოებებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და აძლიერებს თავის საქმიანობას TERENA-ს წევრ ორგანიზაციებთან. CEENet-ს გააჩნია მნიშვნელოვანი ცოდნა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის და მისი NREN-ების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია საგანმანათლებლო ქსელებთან ოცწლიან თანამშრომლობაზე” აღნიშნა TERENA-ს გენერალურმა მდივანმა კარელ ვიჩმა. ”მიმდინარეობს ნაყოფიერი თანამშრომლობა TERENA-სა და CEENet-ს შორის ქსელების განვითარების ხელშეწყობის კუთხით. თანამშრომლობის ერთ მაგალითს წარმოადგენს ერთობლივად ორგანიზებული წარმომადგენლობითი კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპაში ე-ინფრასტრუქტურის სტრატეგიის შესახებ, რომელიც გაიმართება 2011 წლის 7-8 ნოემბერს ბუქარესტში. ჩვენ გვჯერა, რომ ამ შეხვედრას ექნება დადებითი შედეგი რეგიონისთვის”.
CEENet-ის თავმჯდომარე პროფესორი ანდრეი მენდკოვიჩი დარწმუნებულია პროექტის წარმატებაში. ის აღნიშნავს, რომ ”ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს შანსი მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონთან. ეს არის პატარა პროექტი დიდი შედეგებით.”
CEENet-ის შესახებ:
CEENet არის არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც რეგისტრირებულია ავსტრიაში 1994 წელს და ჰყავს 22 წევრი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. CEENet თანამშრომლობდა ნატო-ს ”ვირტუალური აბრეშუმის გზის” (SILK) პროექტთან, რომელიც თანამგზავრული არხების საშუალებით ახორციელებდა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერნეტ კავშირს GEANT-თან. SILK პროექტი შეიცვალა ევროკავშირის პროექტით ”Porta Optica”, რომელშიც CEENet აგრეთვე თანამშრომლობდა. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა NREN-ების მაღალი სიჩქარის კავშირისათვის მზადყოფნის შესწავლა, ხოლო ”შავი ზღვის ურთიერთკავშირის” (BSI) პროექტმა დააკავშირა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები (აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) ოპტკური არხებით GEANT-თან.
CEENGINE პროექტს ახორციელებს CEENet www.ceengine.eu