საქართველოში ინტერნეტ უსაფრთხოების პოპულარიზაციის პროექტის პრეზენტაცია
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია ”გრენა”-ს ორგანიზებით, 2011 წლის 22 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს ინტერნეტ უსაფრთხოების პოპულარიზაციის პროექტის პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის (CERT-GE) მიერ, ასოციაცია “გრენა”-ს და ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ინტერნეტ საფრთხეების შესახებ და ცოდნის ამაღლება კომპიუტერული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის საკითხებში. ამ მიმართულებით რისკები მეტად მაღალია და მოითხოვს ინტერნეტ მომხმარებლების განსაკუთრებულ ყურადღებას.
ძირითადი ფაქტები:
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა საინფორმაციო ტექნოლოგიები და შესაბამისად გაიზარდა ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა. იმის გამო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის ან ვერ აცნობიერებს თუ რა საფრთხეები არსებობს და რა ზიანის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ვირუსს ან მავნე პროგრამას, მნიშვნელოვნად იმატა კიბერ ინციდენტების რიცხვმაც. ასეთი მომხმარებლის კომპიუტერი შესაძლებელია გამოყენებული იქნას კიბერ შეტევების განსახორციელელად, მათი პირადი მონაცემების ხელყოფის მიზნით და სხვა.
საქართველოს ზოგადი სტატისტიკა:
მოსახლეობა 4 436.4 ათასი (2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
1 300 000 ინტერნეტ მომხმარებელი ( ITU 2010).
615 980 Facebook-ის მომხმარებელი (ივნისი 2011).
სტატისტიკა - კომპიუტერული უსაფრთხოების რეაგირების ჯგუფი:
10.000-ზე მეტი IP მისამართი, რომელიც უკავშირდება ცნობილ Botnet ქსელებს. ბოტნეტი - Botnet არის ბევრი ინფიცირებული კომპიუტერისგან შემდგარი ქსელი, რომელიც დისტანციურად იმართება (როგორც ცალკე კომპიუტერი ასევე მთელი ქსელი) კიბერ დამნაშავის მიერ სხვადასხვა ტიპის კიბერ შეტევების განსახორციელებლად.
2000-ზე მეტი IP მისამართი რომელიც ყოველდღიურად ფიქსირდება საეჭვო ინტერნეტ აქტივობაში.
100-ზე მეტი მავნე კოდის ან ვირუსის შემცველი ვებ გვერდი.
50 000-ზე მეტი დავირუსებული კომპიუტერი.