ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტსა
https://www.tsu.ge/ და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „გრენა“ თავის ქლაუდ ინფრასტრუქტურაში
https://www.gcloud.ge/ გამოუყოფს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს შემდეგ რესურსებს: 12 ბირთვი, 64 GB ოპერატიული მეხსიერება, 10 TB მყარი დისკი და გაუწევს IT დახმარებას. გამოყოფილი რესურსები გამოყენებული იქნება ინსტიტუტის მიერ KM3NeT – ნეიტრინოს ტელესკოპი ხმელთაშუა ზღვაში პროექტის
https://www.km3net.org/ ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში. პროექტში მონაწილეობას იღებს 18 ქვეყნის 57 სამეცნიერო ინსტიტუტი და მისი ძირითადი მიზანია სამყაროს აგებულების შესახებ ახალი ინფორმაციის მიღება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა მიხეილ ნიორაძემ და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ.
ასოციაცია „გრენა“-ს ქლაუდ ინფრასტრუქტურის შექმნა თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ EaPConnect პროექტის ფარგლებში.